პოლიტიკა
გიორგი გახარიამ ახალციხეში მერობის კანდიდატი დაასახელა
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატები 1-ლ სექტემბერს დაასახელა. სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, მერობის კანდიდატი მან მხოლოდ ახალციხეში დაასახელა.

„ახალციხე, გიორგი არველაძე. პროფესიით იურისტი. კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, მათ შორის 2003 წლიდან ბაქო –თბილისი– ჯეიხანის პროექტზე მუშაობის წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილებით. დღეს გიორგი მზადაა თავისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, მშობლიურ მუნიციპალიტეტს, ახალციხეს მოახმაროს.

ყველანი ვიქნებით გიორგის გვერდით და ვიბრძოლებთ ახალციხელებისთვის. ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს შეზღუდოს ან რაიმე საფრთხე შეუქმნას ახალციხელების გამოხატვის თავისუფლებას. დააშინოს და ზემოქმედება იქონიოს მათი პოლიტიკური ნების გამოხატვაზე“
,– განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალციხეში მერობისთვის გიორგი არველაძე იბრძოლებს.

1-ლი სექტემბრის მონაცემებით, ახალციხეში მერობის კანდიდატი ექვსმა პარტიამ დაასახელა.

"ქართული ოცნება" – ირაკლი ლაზარაშვილი;

ენმ – დავით ბალიაშვილი;

"ევროპული საქართველო"– ზურა სადათიერაშვილი;

"ლელო" – მანუჩარ ჩაჩანიძე;

"თავისუფალი საქართველო" – მიხეილ კეთილაძე;

"საქართველოსთვის" – გიორგი არველაძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში, 2 ოქტომბერს გაიმართება.

Print