პოლიტიკა
გიორგი გახარიას პარტიას სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ტოვებენ
ბოლო სამი დღის განმავლობაში, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, ერთიმეორის მიყოლებით კანდიდატურები მოიხსნეს. პარტიის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ამბობს, რომ მიზეზი ზეწოლაა. ლევან თათოშვილის თქმით, ზეწოლა განხორციელდა ახალქალაქის 3, ადიგენის - 2 და ასპინძისა და ბორჯომის თითო - თითო წევრზე. ზეწოლის და მუქარის შედეგად, რეგიონში დეპუტატობის კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ადიგენში, საკრებულოს სიის მეორე ნომერი გოდერძი კუბლაშვილი საზოგადოებრივ და მედიაორგანიზაციებს ადიგენში მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

პარტიის ახალქალაქის შტაბის ცნობით, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობაზე უარი, პროპორციული სიის მესამე და მეოთხე ნომერმა თქვა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ასპინძაშიც. პარტიაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ მათ წევრებზე მუქარა და ზეწოლა, ვისგან განხორციელდა. პარტია ,,საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა, 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ზეწოლის გამო, პარტიიდან წასვლის შემთხვევები სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა, თუმცა არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის.

გახარიას პარტიით არჩევნებში მონაწილეობა უარყვეს ადიგენშიც. ნუკი იაკობაშვილმა, 3 სექტემბერს, საკუთარ ფეისბუქზ-გვერდზე დაწერა, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველია და გახარიას პარტიის წევრებმა, პროპორციულ სიაში მისი თამხმობის გარეშე ჩაწერეს.

,,SOS!
მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი 2012 წლიდან და ამ არჩევნებზეც, ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ ქართული ოცნების გამარჯვებისთვის. დღეს ჩემთვის გამაოგნებელი ფაქტი გახდა ცნობილი - გახარიას პარტიამ ჩემ დაუკითხავად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამწერა ადიგენის საკრებულოს პროპორციული სიაში. სასწრაფოდ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, სასწრაფოდ ვითხოვ, როგორ მოხვდა გახარიას პარტიის ხელში ჩემი პირადი მონაცემები და სასწრაფოდ ვითხოვ პირადად „ბოლისგან“ პასუხს, რატომ ჩამწერეს მათ სიაში ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს... ასე ავსებთ სიებს? ასე აპირებთ გამარჯვებას? ტყუილზე დააფუძნეთ ყველაფერი და ძალიან მძიმედ დაამთავრებთ!!!"
- დაწერა ნუკი იაკობაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი, ლევან თათოშვილი, ფეისბუკ სტატუსის შესახებ ფიქრობს, რომ ნუკი იაკობიშვილს პოსტი ზეწოლის შედეგად დააწერინეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ამის მტიკიცებულებას წარუდგენენ.

Print