პოლიტიკა
7%-მდე გაიზრდება თვითმმართველობების შემოსავლების წილი - ირაკლი კობახიძე
,,დეცენტრალიზაცია პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს მეტი კომპეტენცია და მეტი ფინანსები" - განაცხადა მედიასთან ირაკლი კობახიძემ ახალციხეში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დეცენტრალიზაციის არსი განმარტა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. 

,,ამ კუთხით დამტკიცებულია თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია, დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რაც გულისხმობს იმას, რომ ფინანსური რესურსები მოემატება ყველა თვითმმართველობას და მათ შორის სამცხე-ჯავახეთში.

7%-მდე გაიზრდება თვითმმართველობების შემოსავლების წილი, რაც ნიშნავს სერიოზულ მატებას. დეცენტრალიზაცია არ ნიშნავს ქალაქის და სოფლის გაყოფას, დეცენტრალიზაცია ეს არის უფლებამოსილებებისა და ფინანსების გაფართოება თვითმმართველობისთვის"
- აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ახალციხეში.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში, როგორც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობენ: ,,საკრებულოს სიებში, ყველგან სათანადოდ არიან წარმოდგენილნი, ეს ეხება მერობის კანდიდატებსაც. ესაა წინაპირობა, რათა კიდევ უფრო კარგად წარიმართოს ინტეგრაციის პროცესი, რაც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანა" - აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბოლოდროინდელი საქმიანობაც შეაფასა და განაცხადა, რომ მათ მხოლოდ ,,პროვოკაციების რესურსი" დარჩათ. მანამდე კი განაცხადა, რომ „ერი და ბერი“ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რის საფუძველზეც პარტია არჩევნებს მოიგებს.

,,კანონიერი ქურდებით" წინა ხელისუფლება იყო დაკომპლექტებული და ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ერს და ბერს არჩევნებში, ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის. ერი და ბერი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ამის საფუძველზე ძალიან მყარად მოვიგებთ არჩევნებს“, - განაცხადა კობახიძემ.

Print