პოლიტიკა
დღეს სააკაშვილის სასამართლო გაიმართება, ოპოზიცია აქციებს აანონსებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. ადვოკატების და თავად ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, რომ სხდომა სასამართლოში ჩატარდეს, პროცესის ადგილი ამ დრომდე უცნობია.

უფლებადამცველების განმარტებით, სასამართლომ დაწესებულებიდან პატიმრის გადაყვანა გუშინ მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია პენიტენციური დაწესებულების პოზიცია. პენიტენციური სამსახურის თანხმობის შემთხვევაში, რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დასწრებას პირველად შეძლებს.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს, 11:00 საათზე თბილისში, ერთდროულად სამ ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

"შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილი გაჩერდეს გლდანის ციხეში. უახლოეს პერიოდში ის გადაყვანილი იქნება სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა ყოველდღიურად არ უნდა გაგრძელდეს ორგანიზებულად და მზარდად.

დღეს დილიდან, 11:00 საათზე სამ ადგილას ერთდროულად გაიმართება აქცია: იუსტიციის სამინისტროსთან, ე.წ.მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებული არის ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“,
- განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ყოველ დილით მხარდამჭერებს გააცნობენ კონკრეტულ გეგმას, თუ სად გაიმართება საპროტესტო აქციები, თუმცა, ერთი ლოკაცია ყოველთვის იქნება ისეთი, რომელიც წინასწარ არ იქნება გაჟღერებული.
Print