პოლიტიკა
პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის კადრები გაასაჯაროვა.

ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი წელს ზემოთ შიშველია.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print