პოლიტიკა
ვთხოვ ხელისუფლებას, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში - მიტროპოლიტი იოსები
მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს, - ასე მიმართავს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მიტროპოლიტ იოსების მიმართვის ადრესატია საქართველოს ხელისუფლებაც, რომელსაც სთხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ხელისუფლებაც და მთლიანად საქართველოც.

შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილის ზიარების ფაქტსაც ეხმაურება და მადლობას უხდის. როგორც მიტროპოლიტი იოსები განმარტავს, სასულიერო პირის უპირველესი მოვალეობა სწორედ ის იყო, რომ ყოფილი პრეზიდენტისგან აღსარება ჩაებარებინა და ის ქრისტეს სისხლისა და ხორცისთვის ეზიარებინა. მისივე თქმით, ციხესა და საავადმყოფოში მყოფი ადამიანისთვის მარხვის დაცვა სავალდებულო არაა, რადგან ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია.

“მოკრძალებით მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს. თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ, საკმარისია ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას, ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია.

ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე ნიკოლოზს, რადგანაც მან აღასრულა უპირველესი მოვალეობა ქრისტიანისა, აღსარება ჩაიბარა ყოფილი პრეზიდენტიდან და ბოლოს აზიარა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ასევე მინდა განვმარტო, რომ ადამიანი, რომელიც ზის ციხეში ან საავადმყოფოშია, სრულებითაც არ არის სავალდებულო მარხვა, რადგანაც ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია და მის მიმართ განკითხვა სრულიად უსაფუძვლოა.

უფალი ბრძანებს: როდესაც მოვალ მეორედ განსჯად ცხოველთა და მკვდართა, კაცობრიობას გავყოფ ორ ნაწილად, ერთს მარჯვნივ დავიყენებ, ხოლო მეორეს მარცხნივ ჩემსა. მარჯვნივ მდგომთ ვეტყვი: მოვედით ჩემდა კეთილმორწმუნენო, რამეთუ მშიერი ვიყავი, პატიმარი ვიყავი, ავადმყოფი ვიყავი, დევნული ვიყავი და თქვენ მოხვედით ჩემდა ნუგეშინიმეცით, გვერდში დამიდექით, დამეხმარეთ და დაიმკვიდრეთ ადგილი მამაჩემის მიერ თქვენდა გამზადებული, ხოლო მარცხნივ მდგომთ ვეტყვი: წარვედით ჩემგან ბოროტნო მონანო,რამეთუ მშიერ ვიყავი, საპატიმროში ვიტანჯებოდი, ავად ვიყავი, დევნულ ვიყავi, თქვენ კი არ მოხვედით, ნუგეში არ მომეცით, დამცინოდით, განმიკითხავდით და ასე შემდეგ, ამიტომ გეტყვით თქვენ, წარვედით ჩემგან ბოროტნო და წყეულნო მონანო გარესკნელსა.

ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ღმერთი განსაკუთრებით იცავს და უსმენს იმ ადამიანს, ვინც განსაცდელშია, ვინც დევნილია სამშობლოსგან, ვინც ავადაა და სხვა.

ღმერთი ბრძანებს: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და მტვირთმძიმენი, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ სულითა და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთა.

აგრეთვე შეგახსენებთ სახარების ერთ დეტალს, სადაც მდიდარი ადამიანი მიდის იესო ქრისტესთან და ეუბნება, დაბადებიდან ათივე მცნებას ვიცავ და რა მაკლია მე, რათა დავიმკვიდრო სასუფეველი ღმრთისა, უფალი კი ეუბნება, გაყიდე ყველაფერი, დაურიგე ავადმყოფებს, გლახაკებს და შემომიდექ მე. ეს კი ვერ შეძლო მდიდარმა ადამიანმა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო, ვერ შეელია თავის სიმდიდრეს. მიუბრუნდა უფალი თავის მოციქულებს და ეუბნება ის: ისე, როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ასევე მდიდარი ვერასოდეს ვერ შევა სასუფეველსა ღმრთისასა.ხოლო მდიდართა, მეფეთა, ამპარტავანთა, შეუწყნარებელთა, დიდებისმოყვარეთა ამა სოფლისათა, ეუბნება ღმერთი მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომ მე არ მოვსულვარ, რათა თქვენ გაგამართლოთ, არამედ თქვენ თვითონ გაიმართლეთ თავი თქვენი, მე თქვენ არ გჭირდებით და ის სიმდიდრე, ფული თუ სხვა იმიტომ მოგეცით, რომ დაეხმაროთ სამშობლოს, გლახაკებს, ღარიბებს, ავადმყოფებს, თქვენ კი მთელი იმედი და სასოება თქვენს სიმდიდრესა, კომფორტზე და კარიერაზე გაქვთ დაყრდნობილი.

სამწუხაროა, რომ მდიდარ ადამიანებს სიმდიდრე თავისი ჰგონიათ. ერთ დღეს წაართმევს ღმერთი, მის სულს წაიყვანს და ვის დარჩება მისი სიმდიდრე?

ნუ აგროვებთ დედამიწაზე ოქროს, ვერცხლს და ფულს, რადგანაც ჟანგი, მატლი და ქურდები მოიპარავენ, არამედ თვენი სიმდიდრე ზეცაში შეაგროვეთ, სადაც არც ჟანგი, არც მატლი და არც ქურდები შეჭამენ თქვენს სიმდიდრეს, ბრძანებს უფალი იესო ქრისტე ანუ გვეუბნება,რომ ვაკეთოთ სიკეთე და მთლიანად შევწიროთ ჩვენი თავი.

ქრისტიანობა არის ვიცხოვროთ სხვისთვის, ვიცხოვროთ სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის და როგორც ღმერთი მოკვდა, თავი შეწირა ჩვენთვის, ასევე უნდა მოვკვდეთ ქრისტეს გულისთვის, სამშობლოსთვის, კაცობრიობისთვის.

ვაი თქვენდა ფარისეველნო, სადუკეველნო და მწიგნობარნო, რამეთუ სასუფევლის კარებში დგახართ, არც თქვენ შედიხართ და არც სხვას არ აძლევთ უფლებას (ანუ აბრკოლებთ), რომ დაიმკვიდრონ სასუფეველი ღმრთისა. ამიტომ გეუბნებით მე თქვენ, ბრძანებს უფალი: მონანული ავაზაკების, ქურდების, მრუშების, მკელობლების და სხვა ცოდვის ჩამდენთა მიმართ, ისინი შევლენ სასუფეველში, რამეთუ მირწმუნეს და მაღიარეს მე მამიჩემის წინაშე, ხოლო თქვენ განგდებულ იქნებით გარესკნელსა.

მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას, ჩემ საკუთარ თავსაც, გვეშინოდეთ ღმერთის, უფალი იესო ქრისტეს ამ სიტყვების გვეშინოდეს, რომ ჩვენ არ შეგვეხოს ღმრთის მრისხანება, გვეშინოდეს დევნული, ღარიბი, ციხეში მყოფი, ავადმყოფი, განსაცდელსა შინა მყოფი ადამიანების, რამეთუ ისინი იესო ქრისტეს მსგავსნი არიან და ძალიან ახლოს არიან ღმერთთან.

მოკრძალებით კიდევ ერთხელ ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანეთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში,მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით თქვენ, ყველა, მთელი საქართველო“
, - აცხადებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.
Print