პოლიტიკა
ახლა სახლში ტელევიზორთან ჯდომის დრო არა არის - ენმ
ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას დღეს სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდებიან, ამის შესახებ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, კობა სანდროშვილმა დაგვიდასტურა. აქციას რეგიონიდან 700 - მდე ადამიანი შეუერთდა.

აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა იყო. აქცია, მას შემდეგ დაანონსდა, როდესაც მესამე პრეზიდენტმა გონება დაკარგა.

„გუშინ მომხდარი ფაქტი საგანგაშო სიგნალია, შესაძლოა ფატალური შედეგიდან რამდენიმე საათი გვაშორებდეს. პრეზიდენტის გართულებულმა მდგომარეობამ აქციაზე წამომსვლელთა რაოდენობა გაზარდა. სამცხე-ჯავახეთიდან ჯამში 700 ადამიანია მობილიზებული, რომლებიც დღეს დაგეგმილ აქციას დაესწრებიან. აქციის მონაწილეებს თბილისში დარჩენა აქვთ გადაწყვეტილი.

აქციებზე პერმანენტულად დავდივართ და ოპოზიციის მიერ გამართულ ყველა აქტივობაში ვიღებთ მონაწილეობას. მოთხოვნები უცვლელია. ცივილურ საზოგადოებაში, ყველა ადამიანს ადეკვატური მკურნალობის მიღების უფლება აქვს, მითუმეტეს საუბარია ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელია. ელემენტარული მკურნალობის საშუალება არ აქვს და ფაქტობრივად მიშას მკვლელობაზე აწერენ ხელს, შეუძლებელია ნორმალურმა ადამიანმა ამ ყველაფერს მშვიდად უყუროს.

ახლა აღარავის ეპარება ეჭვი რომ ქვეყნის ყოფნა - არყოფნის საკითხი წყდება. ხელისუფლებაში გვყავს აშკარად პრორუსული ძალა, ეს ეჭვგარეშეა. ჩვენ ნორმალურ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, სადაც როგორც მინიმუმ სამართლიანი სასამართლოს უფლება გვექნება. დღეს გვაქვს ბოლო შანსი ქვეყნის გადარჩენისა, ახლა სახლში ტელევიზორთან ჯდომის და სოციალურ ქსელში წერის დრო არა არის. უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის“
- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა კობა სანდროშვილმა.

მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გუშინ, 18 ნოემბერს დამძიმდა, მაშინ როდესაც მან გონება დაკარგა.


Print