პოლიტიკა
აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადებები გააკეთეს.

მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ შეხვედრა შეაფასა, როგორც ეფექტიანი, უაღრესად სასარგებლო და დროული. მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. მომავალ კვირას კიდევ ერთი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება იმავე შემადგენლობით - უკვე მოსკოვში.

მხარეებმა რუსეთის სამშვიდობო მისიის მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნეს სიტუაციის სტაბილიზაციასა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

„ჩვენ შევთანხმდით ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურებაზე, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის განცხადებებიდან გამომდინარე დარჩენილი საკითხების დაუყოვნებლივ გადაწყვეტას“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ეს ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის მეორე პირისპირ შეხვედრა იყო ვლადიმირ პუტინის შუამავლობით. შეხვედრას წინ უძღოდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.

Print