პოლიტიკა
ვინ რამდენჯერ ჩართო მიკროფონი საქართველოს პარლამენტში?
2021 წელს საქართველოს პარლამენტში 62 პლენარული სხდომა გაიმართა. საკანონმდებლო ორგანომ 338 კანონი მიიღო სამივე მოსმენით, პირველი მოსმენით განიხილა 63 კანონის პროექტი, ხოლო მეორე მოსმენით − 8 კანონის პროექტი.

განსახილველი საკითხების მრავალფეროვნებისა და რაოდენობისა, “ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტიის დეპუტატებიდან საკუთარი მოსაზრება 10-ზე ნაკლებჯერ გამოხატა 45%-მა, მათ შორის 12%-ს მოსაზრება ერთხელაც არ დაუფიქსირებია.

მმართველი პარტიის პარლამენტართა სიაში მოხვდნენ ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი და პარტიის სიით შესული წევრი სუმბატ კიურეღიანი, რომლებსაც წლის მანძილზე მიკროფონი ერთხელაც არ ჩაურთავთ.

რაც შეეხება მილიონერი პარლამენტის წევრების აქტიურობის მაჩვენებელს ამ მიმართულებით, მონაცემების მიხედვით, მილიონერი პარლამენტარები აქტიურობით არ გამოირჩევიან. სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ერთი წლის განმავლობაში მიკროფონი მხოლოდ 8-ჯერ ჩართო. 

სხვა მილიონერი დეპუტატების მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება:

ვასილ ჩიგოგიძე - 0

ირაკლი ხახუბია - 0

ვიქტორ ჯაფარიძე - 0

ელგუჯა გოცირიძე - 0

ისკო დასენი - 2

გოჩა ენუქიძე - 2

ზაალ დუგლაძე - 3

პაატა კვიჟინაძე - 7

გიორგი ამილახვარი -16

თამარ ტალიაშვილი - 26

ბექა ოდიშარია - 27

ნინო წილოსანი - 116

მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი აქტიური მილიონერი დეპუტატი ნინო წილოსანია, რომელმაც წლის მანძილზე, 116-ჯერ ისარგებლა მიკროფონის ჩართვის უფლებით.

პარალელურად 2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 186,754,900 ლარი გამოიყო. ბოლო სამი წელია წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება, ისევე როგორც შრომის ანაზრაურებაზე დახარჯული თანხების მოცულობა მუდმივად იზრდება. 2020-2022 წლების განმავლობაში 1131-დან 1882 ადამიანამდე იყო დასაქმებული, ხოლო მათი შრომის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან ჯამში 99,337,800 ლარი დაიხარჯა, რაც სამი წლის განმავლობაში სრული დაფინანსების 53% შეადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის წევრის ყოველთვიური ფიქსირებული შრომის ანაზღაურებას, ის 4624 ლარიდან 6740 ლარამდე მერყეობს. შრომის ანაზღაურება იცვლება პარლამენტის წევრის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

თანამდებობის მიხედვით პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურება:

პარლამენტის თავმჯდომარეს – 6740 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6400 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6340 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 5540 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 4800 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 4740 ლარი;

პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 4624 ლარი.


წყარო: gmc.org.ge
Print