პოლიტიკა
ბაკურიანის ტყის უკან დაბრუნების მცდელობა და მთავრობის პასუხი [Video]
ბორჯომში, საკრებულოს სხდომა ხმაურით წარიმართა, მიზეზი პარლამენტის წევრთა ინიციატივა გახდა. დღეს გამართულ საკრებულოს სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი დაესწრნენ. ოპოზიცია, ბაკურიანში ტყის ფართობის ხალხისთვის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. ისინი დოკუმენტზე ხელის მოწერას ბორჯომის საკრებულოს წევრებისა და თავმჯდომარისგან დავით ზაალიშვილისგანაც ითხოვდნენ, რასაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უარით უპასუხეს.

ბაკურიანში, სახლის უკან მდებარე ტერიტორია, რომელიც ამჟამად ტყის ფონდის საკუთრებაში ირიცხება, 49 წლიანი იჯარით პრემიერის მეუღლეს ნუნუ თამაზაშვილს დაახლოებით ერთი თვის წინ გადაეცა. იჯარით გადაცემული მიწის ფართობი 5958 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ენმ-ს წარმომადგენლები ამ მიწის სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

პარლამენტის წევრები სხდომის დასრულების შემდეგ ბაკურიანში გაემგზავრნენ. ადგილზე მისულ ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს სამართალდამცველები და მოქალაქეები დახვდნენ. აქტივისტებმა ოპოზიციის წევრები ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

დღის ბოლოს ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს საკრებულოს თავმჯდომარემ ბრიფინგით უპასუხა. დავით ზაალიშვილის თქმით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება ყველა მოქალაქეს ერთნაირად შეუძლია, მათ შორის პრემიერის მეუღლეს. რაც შეეხება ძალადობას და მოსახლეობისთვის მიწების წართმევას, დავით ზაალიშვილმა ამ ქმედებას "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა უწოდა.


Print