პოლიტიკა
ჩვენი სურვილია უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი - ირაკლი კობახიძე
ჩვენი სურვილი ისევ არის უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი და შეიძლება შეუქცევადი ნეგატიური პროცესები მივიღოთ , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მოიაზრებს თუ არა საქართველოს საკუთარ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მადლიერია ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებით, დახმარებით, თუმცა არ ჩამოთვლის მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ უნდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს, კობახიძე პასუხობს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც უკრაინის მიმართ სოლიდარობა საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე გამოხატა.

,,საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, მკაფიო. სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მკაფიო და ჩვენი სურვილი ისევ და ისევ არის პირველ რიგში უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და შეიძლება მივიღოთ შეუქცევადი ნეგატიური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი პოლიტიკური რეაქცია, სხვადასხვა განვითარების შემთხვევაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მადლობელია იმ ქვეყნების, ვინც უკრაინას მხარში უდგას, თუმცა მან ქვეყნები არ ჩამოთვალა რადგან, მისი თქმით, არ უნდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს.

,,მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს", - განაცხადა ზელენსკიმ.
Print