პოლიტიკა
რატომ მოაწერა ხელი ტატიანა მარტინენკომ პუტინისთვის გაგზავნილ წერილს?
„საქართველო და უკრაინა არ უნდა შევიდნენ ნატოში!“ - ამ შინაარსის წერილი 54 ორგანიზაციის სახელით თბილისიდან პუტინს გაეგზავნა.

მიმართვას ხელს აწერს ბორჯომის საკრებულოს წევრი ტატიანა მარტინენკოც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის წარმოადგენს ორგანიზაციას „საქართველოს უკრაინელები მშვიდობისთვის“.

"ეს არის დიპლომატიური წერილი. ვეთანხმები მის შინაარსს, რადგან ჩემი აზრით, ნეიტრალიტეტის დაცვა ქვეყნისთვის უკეთესია" - განუცხადა "მეცხრე არხს" დეპუტატმა. 

ტატიანა მარტინენკო ბოლო ორ თვითმმართველობის არჩევნებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სახელით მონაწილეობდა. ის არის ერთადერთი ადაიანი, რომელიც 2021 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ პარტიიდან მოხვდა.

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! მიიღეთ ჩვენი რწმუნებულება უმაღლეს პატივისცემაში და ნება მოგვეცით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება თქვენდამი" -ასე იწყება ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი წერილი.

"საქართველო და უკრაინა არ უნდა შევიდნენ ნატოში, საქართველომ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი" - ვკითხულობთ წერილში, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა გაასაჯაროვა, ის პირველი ხელმომწერია.

"საქართველოს ხელისუფლება რეგულარულად უთმობს ტერიტორიას, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ნატოს სამხედრო წვრთნებისთვის, რაც რუსეთისთვის გამოწვევას წარმოადგენს... საქართველო არ არის დამოუკიდებელი, საქართველოს ხელისუფლების საშინაო დავალებაა ამერიკის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებები. ქართველ ხალხს არ უნდა ნატოში" - წერია წერილში.

პატრიოტთა ალიანსის მტკიცებით,მათივე გამოკითხვით, ქვეყნის მოსახლეობის 69 % მხარს უჭერს საქართველოს ნეიტრალიტეტს.

"საქართველო გახლართულია საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების ყალბ სოციოლოგიურ კვლევებში, რომ თითქოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას"- ვკითხულობთ წერილში რომელიც პუტინმა თბილისიდან მიიღო.

Print