პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზებას იწყებს
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სახელით უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას იწყებს. სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტვირთის შეგროვება რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობს.

"სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უერთდება საქართველოს მთავრობის ინიციატივას და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ორგანიზებას გაუწევს ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზებას.

პირველ ეტაპზე, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა, რომლითაც შეძენილი იქნება საკვები პროდუქტი, პირველადი მოხმარების ნივთები, სამედიცინო დანიშნულების საგნები და მედიკამენტები. ამასთანავე ზემოაღნიშნულ ჰუმაინიტარულ აქციაში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ნებისმიერ მსურველს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხზე"
- ნათქვამია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს მთავრობის დახმარებით განხორციელდება.
Print