პოლიტიკა
საჯარო მოხელეები წერენ, რომ აქციაზე მისული ხალხი მოღალატეა და ომის დაწყება სურს
"დღეს, ყველა მოღალატეს და საქართველოში ომის დამწყების მსურველს გელოდებით 19:00 საათზე, პარლამენტის წინ!" - ამ შინაარსის პოსტს სოციალურ ქსელში, რამდენიმე საათია აქტიურად აზიარებს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების პირველი პირები და მერია-საკრებულოს თანამშრომლები. ამ სტატუსით ისინი თბილისში, რუსთაველზე მიმდინარე აქციას ეხმაურებიან და ფიქრობენ, რომ უკრაინის სოლიდარობისთვის შეკრებილ ხალხს ომის დაწყება უნდა.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტაბატაძემ პოსტი შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: "სირცხვილი ყველას, ვისაც ომი უნდა ქვეყანაში. ღმერთმა დაიფაროს საქართველო".

პოსტერი პირად გვერდებზე ასევე გააზიარეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ია გოგატიშვილმა, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, ასპინძის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ანი ტივაძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

"მეცხრე არხი" შეეცადა, დაკავშირებოდა იმ პირებს, რომელთაც სოციალურ ქსელში პოსტერი გამოაქვეყნეს, თუმცა ჟურნალისტის სატელეფონო ზარებს არც ერთმა მათგანმა უპასუხა.


Print