პოლიტიკა
ისრაელის პრემიერის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან სამ საათს გაგრძელდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ისრაელის პრემიერის ოფისი. მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

ბენეტის ოფისში აცხადებენ, რომ მან შეერთებულ შტატებს პუტინთან შეხვედრის შესახებ წინასწარ აცნობა.

Associated Press-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერი რუსეთში შაბათს დილით გაემგზავრა მისი კაბინეტის წევრ ზეევ ელკინთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ორივე პოლიტიკოსი მორწმუნე ებრაელები არიან ჩვეულებისამებრ, შაბათს არ მოგზაურობენ.

მათივე ინფორმაციით, ისრაელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს ორივე ქვეყანასთან. ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, მაგრამ ასევე ინარჩუნებს კავშირებს მოსკოვთან, რათა დარწმუნდეს, რომ ისრაელისა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები სირიაში ერთმანეთთან კონფლიქტში არ აღმოჩნდებიან.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ისრაელის პრემიერ- მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ლიდერებთან. მანამდე, რამდენიმე დასავლური გამოცემა იუწყებოდა, რომ ბენეტმა მოსკოვში ვიზიტი ფარულად განახორციელა.
Print