პოლიტიკა
ბალტიის ქვეყნებმა რუსული გაზის იმპორტი შეაჩერეს
ლატვიის ბუნებრივი აირის საცავი ოპერატორის ხელმძღვანელის, ულდის ბარისის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს აღარ ახორციელებენ.

„1 აპრილიდან რუსული ბუნებრივი აირი აღარ მიედინება ლატვიაში, ესტონეთსა და ლიეტუვაში,“ - აღნიშნა Conexus Baltic Grid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მანამდე, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მოუწოდა დანარჩენ ევროპას, ბალტიის ქვეყნების მაგალითს მიჰყვნენ. ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა ამბობს უარს რუსული გაზის იმპორტზე. შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზე 2 აპრილს გამოქვეყნდა.

სამინისტროს თქმით, რუსული გაზისაგან სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების ფონზე, ასევე, რუსეთის მიერ ევროპის “ენერგეტიკული შანტაჟისა” და უკრაინაში ომის საპასუხოდ, ლიეტუვამ მთლიანად თქვა უარი რუსულ გაზზე. ენერგეტიკის მინისტრი დაინიუს კრეივისი ამბობს, რომ ეს არის გარდამტეხი მომენტი ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ისტორიაში.

,,ჩვენ ვართ ევროკავშირის პირველი ქვეყანა გაზპრომის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსული გაზით მომარაგებისგან. ეს არის მრავალწლიანი თანმიმდევრული ენერგოპოლიტიკისა და დროული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი”, — აღნიშნავს ის.

სამინისტრო აღიშნავს, რომ გაზმომარაგებასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ლიეტუვის ქალაქ კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის მეშვეობით, რომელმაც 2014 წლის დეკემბერში დაიწყო ფუნქციონირება.

უწყების თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში გაზის მიწოდება ასევე იქნება შესაძლებელი ლატვიიდან, ხოლო პირველი მაისიდან — პოლონეთიდანაც.

მანამდე, 23 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის. აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ევროკავშირის ქვეყნებიც არიან.
Print