პოლიტიკა
ლარსის საბაჟოს გავლით, ავტომობილები, რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გადაადგილდება - შემოსავლების სამსახური
ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სხვადასხვა ტიპის მანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ავტომობილები არ არის სამხედრო დანიშნულების და ეკუთვნის იურიდიულ პირს.

"რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებს - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ გასული 1 კვირის მანძილზე, სგპ "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად (რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით) შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული "KAMAZ"-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი.

საქართველოსა და საერთაშორისო საბაჟო წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები გატარდა რეგისტრაციაში და გაშვებულ იქნა დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი მასალის გავრცელებისგან და ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის სამსახურებთან"
- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს "ფორმულამ" გაავრცელა ვიდეო-მასალა. ტელეკომპანია ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ათეულობით სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა ტიპის მანქანის გადაადგილების შესახებ იუწყებოდა.
ასევე ნახეთ:

Print