პოლიტიკა
ახალციხის მერს ვალეში ახალი წარმომადგენელი ჰყავს
ქალაქ ვალეში ახალციხის მერს ახალი წარმომადგენელი ჰყავს. როგორც მერიაში განმარტავენ, ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში, წარმომადგენელის პოზიციაზე, ალექსანდრე გოზალიშვილი 6 აპრილს დაინიშნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას კი დღეიდან, 7 აპრილიდან შეუდგა.

"რაც შეეხება გამოცდილებას, მას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მრავალწილიანი მუშაობის გამოცდილება აქვს"
- განმარტავენ მერიაში.

ალექსანდრე გოზალიშვილი "მეცხრე არხთან" ამბობს, რომ სამოქმედო გეგმა ჯერ არ დაუსახავს. მისი თქმით, დეტალების შესწავლის შემდეგ ჩამოყალიბდება, თუ რა იქნება მისი პირველი ქმედებები ვალეში. 

"გუშინ დავინიშნე ოფიციალურად. გეგმებს რაც შეეხება, სამსახურს გადავხედავთ, რა არის გასაკეთებელი. გასაკეთებელი კი ბევრია, მაგრამ შევხედავთ, გავივლით ყველა დეტალს. ახალი დანიშნული ვარ და წინასწარ ვერაფერს გეტყვით, თუ არ გადავხედე. დავეხმარებით მერიას და გავაკეთებთ გასაკეთებელს", - განუცხადა "მეცხრე არხს" ალექსანდრე გოზალიშვილმა. 

ახალციხის მერის ყოფილი წარმომადგენელი, ელიოზ ბარბლიშვილი თანამდებობიდან 31 მარტს გათავისუფლდა. კონკრეტულ მიზეზებზე მერიაში არ საუბრობენ.

"ელიოზ ბარბლიშვილი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, რომელსაც 31 მარტს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და მერის გადაწყვეტილებით დაინიშნა ახალი წარმომადგენელი" - აცხადებენ მერიაში. 

ელიოზ ბარბლიშვილის თქმით, მასთან ერთად სამსახურეობრივი უფლებამოსილება 31 მარტს მის თანაშემწეს, ქიშვარდი ხითარიშვილსაც შეუწყდა.

"მიზეზი არ უთქვამთ. არანაირი პრეტენზია არ გვაქვსო, უბრალოდ რეორგანიზაცია მიდის მერიაშიო. მე ვფიქრობ, სიახლის შემოტანა უნდოდა მერს" - აცხადებს ელიოზ ბარბლიშვილი. 

მას თავდაპირველად ვალეში ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის თანაშემწის პოზიცია ეკავა. 2013 წლიდან კი ჯერ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი იყო, სტრუქტურის შეცვლის შემდეგ კი მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.
Print