პოლიტიკა
რა პროექტები ხორციელდება სამცხე-ჯავახეთში - მინისტრმა ობოლაშვილის კითხვებს უპასუხა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი ქარსელაძე თითქმის ყველა საკითხს ზოგადად შეეხო.

მინისტრის ინფორმაციით, ვარძიის და ბორჯომ-ბაკურიანის გენგეგმასთან დაკავშირებით 107 სივრცითი დოკუმენტია დამუშავებული. მისივე თქმით, საკითხის მოგვარება ეკონომიკის სამინისტრომ გადაიბარა, რომელიც ამ ტერიტორიების განვითარებას უზრუნველყოფს.

ანტონ ობოლაშვილის კითხვაზე, როდის ექნება ადიგენს 24 საათიანი წყალმომარაგება, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ დაბა ადიგენი იმ ჩამონათვალშია, რომელსაც ეს პრობლემა მალე გადაეჭრება. მინისტრის თქმით, პროექტირება დასრულებულია და მშენებლობაც გაგრძელდება. რაც შეხება ვალის წყალმომარაგებას, ქარსელაძე ირწმუნება, რომ პროცესი, მეორე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებით დასრულდება.

სამცხის მაჟორიტარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ასევე კითხვა დასვა ადიგენის კულტურის სახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რაზეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა უპასუხა, რომ წელს მისი აღდგენა არ განიხილება.

მინისტრმა ისაუბრა ახალციხის სპორტსკოლის პროექტზეც და აღნიშნა რომ ეს კომპლექსი ახალციხელებისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება.

ირაკლი ქარსელაძემ ყურადღება გაამახვილა ახალციხის წყალმომარაგებაზეც. მისი თქმით, პროექტირება დასრულებულია და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. როგორც ის ამბობს, 2024 წლისთვის ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

რაც შეეხება ბაკურიანში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, მინისტრის თქმით, „მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა ბაკურიანისა და მიტარბის ერთიანი ხედვის კონცეფციაში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით“. მისი თქმით საკითხი მუშავდება და კონკრეტული განვითარების გეგმა მზად წელს იქნება.

ირაკლი ქარსელაძემ ანტონ ობოლაშვილის კითხვები, გოდერძის უღელტეხილზე გზის მშენებლობის მიმდინარეობასა და ადიგენში სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, უპასუხოდ დატოვა.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა 25 მაისს გაიმართა.

Print