პოლიტიკა
104 წლის წინ, სომხეთი და აზერბაიჯანი დამოუკიდებელი ქვეყნები გახდნენ
ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 28 მაისს სომხეთი და აზერბაიჯანი დამოუკიდებელი ქვეყნები გახდნენ.

აზერბაიჯანის დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა (ორიგინალში – „სახალხო რესპუბლიკა“) 1918 წლის 28 მაისს ტიფლისში შეიქმნა. ეს მოხდა ორ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველომ ამიერკავკასიის ფედერაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. რესპუბლიკამ 23 თვეს იარსება -1920 წლის 28 აპრილამდე, როდესაც ბაქო 11-ე წითელმა არმიამ დაიპყრო.

რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკას, მან ორნახევარი წელი, 1918 წლის მაისიდან 1920 წლის დეკემბრამდე იარსება. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა სახელმწიფო აპარატი, აირჩა პარლამენტი, შეიქმნა ჯარი და შინაგან საქმეთა ორგანოები. 1918 წლის აგვისტოში შემოიღეს ფულის ოფიციალური ნიშანი – სომხური რუბლი.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიაში ამ მიშვნელოვან მოვლენას ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი ეხმიანება. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ მათ დამოუკიდებლობა ერთ დღეს გამოაცხადეს.

"ალბათ ისიც სიმბოლურია, რომ მათ თავიანთი დამოუკიდებლობა ერთ ქალაქში გამოაცხადეს და ეს ქალაქი თბილისი იყო. მე როგორც ქართველს, მიხარია, რომ მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში ჩვენც გვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეტანილი და ეს ყოველგვარი დაყვედრების გარეშე.

რეალისტები თუ ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის პრობლემები ერთ და ორ დღეში არ აღმოიფხვრება და ამისი დასტური ყარაბაღის მეორე ომი იყო. მაგრამ, კავკასიის და მათ შორის ჩვენს ინტერესებშია, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სუფევდეს. ეს დღე კი ერთხელ აუცილებლად დადგება. იქამდე მისასვლელი გზა კი თავდაუზოგავ შრომაზე, სწავლაზე და ურთიერთპატივისცემაზე გადის"
- წერს ბატიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

Print