პოლიტიკა
ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა
ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს - დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი...

რაც შეეხება საქართველოს, საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია. მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით. წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოხდეს შეკვრა და ქვეყანამ განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს ასოცირებული აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით, ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს",
- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
Print