პოლიტიკა
"დეკემბერში საბჭომ უნდა მოგვცეს კანდიდატის სტატუსი" - ლევან ბოძაშვილის საავტორო ბლოგი
17 ივნისის ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს განაცხადზე, ასევე 23-24 ივნისის საბჭოს დასკვნები, იმეორებს ერთი და იგივე რამეს: ეს არის კოპენჰაგენის კრიტერიუმები როგორც განაცხადის შეფასების საფუძველი.

კოპენჰაგენის კრიტერიუმებიდან პირველი და უმთავრესია სახელმწიფო ინსიტუტების სტაბილურობა - "that the candidate country has achieved stability of institutions guaranteeing democracy ... " . შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი უნდა განხორციელდეს და ხორციელდებოდეს სტაბილური კონსტიტუციური ინსტიტუტების ფარგლებში.

ამავე დროს, ევროკომისიის პოზიცია, რომელსაც დაეყრდნო საბჭო, გვეუბნება:
მოხდეს წარმოდგენილი პირობების შესრულება შემდეგნაირად:

ა) არსებული კონსტიტუციური მოწყობის ფარგლებში განხორციელდეს რეფორმები, სასამართლო, კანონები, ა.შ.

ბ) მოხდეს დეპოლარიზაცია არსებული ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში;

გ) განხორციელდეს ეს ყველაფერი მომდევნო 6 თვეში, ვიდრე კომისია დეკემბრის საბჭოს წარუდგენს დასკვნას. თუ არ განხორციელდება, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს პერსპექტივაც კი. მომდევნო 6 თვე არის ბოლო შანსი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მერე ფანჯარა იმაზე მეტად დაიხურება ვიდრე ეს იყო პერსპექტივის მოცემამდე.
შესაბამისად, გასაკეთებელია:

არა ახალი ტექნიკური თუ ეროვნული თუ რაიმე არაკონსტიტუციური მთავრობის შექმნა, (როგორ წარმოგიდგენიათ რა უნდა აკეთონ ამ მთავრობის მინისტრებმა, მიმდინარე სამინისტროს საკითხები არკვიონ, ახალი კადრები ნიშნონ, ელჩებს შეხვდნენ და ვიზიტებზე იარონ თუ ევროკომიიის პირობებით გათვალისწინებული კანონები წერონ? და ეს 6 თვეში???? ) არამედ,

- ინტერპარტიული და სამოქალაქო საზოგადოების სრული ჩართულობით, პრეზიდენტის მოდერაციით, საპარლამენტო ფარგლებში და ევროკომისიის მონიტორინგის ქვეშ მყოფი სამუშაო ჯგუფის შექმნა, "12 პუნქტის ჯგუფი".(თუ გნებავთ დაარქვით რამე მყვირალა სახელი). ვინაიდან წარმოდგენილ პირობებზე პრაქტიკულად შექმნილია ცვლილებათა პაკეტები, ეს არ წაიღებს დიდ ძალისხმევას ნებელობის შემთხვევაში.

მოთხოვნა უნდა ყოფილიყო ეს და არა რაღაც აბსურდული მთავრობის შექმნა. რატომ? იმიტომ, რომ მომდევნო 6 თვეში საქმეა საკეთებელი რომ შედეგი დადგეს და არა პოლიტიკური კინკლაობის დრო.

ამავე დროს, ასეთი ფორმატი რეალურად მოახდენს დეპოლარიზაციის ნების გამოვლენას ყველა პოლიტიკური აქტორის მხრიდან.

ეს სწორი და საქმიანი გამოსავალია. ეს შეიძლება ვინმეს ამ ეტაპზე მცირე ამოცანად მოეჩვენოს, თუმცა გრძელვადიანად და ქვეყნისათვის რეალური შედეგის მომტანია.
ამავე დროს, ის საპროტესტო ფორმატი, რომელიც არსებობს და სრულად ლიგიტიმურია, არ წარმოადგენს შედეგის დადგომის გარანტიას წარმოდგენილი მოთხოვნების გამო, ხოლო რისკს, რომ ეს 6 თვე მიილიოს უშედეგოდ, ნამდვილად წარმოშობს.

ამოცანა შემდეგია და ერთადერთი - დეკემბერში საბჭომ უნდა მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. სწორება უნდა იყოს ამაზე, ყველას მხრიდან!
Print