პოლიტიკა
რუსეთუმეებს შეუძლიათ ჩაინიშნონ, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წაგება გაფორმდა - აკია ბარბაქაძე
ყირიმი რუსეთისთვის იყო „ჩაუძირავი ავიამზიდი“ და გუშინდელი დარტყმებით, ისიც ჩაეძირათ - რუსეთუმეებს შეუძლიათ ჩაინიშნონ ეს დღე, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წაგება გაფორმდა. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ განაცხადა, რითაც 9 აგვისტოს, ყირიმის ნახევარკუნძულზე, რუსულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მომხდარი აფეთქებები შეაფასა.

"ფაქტობრივად, ყირიმი რუსეთის ჯარების ბაზირებისათვის უსაფრთხო აღარ არის - ეს ის მოცემულობაა, რომელსაც რუსები უნდა შეეგუონ. რეალურად, უკრაინის ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილი, სადაც რუსულმა დაჯგუფებებმა უსაფრთხოდ შეიძლება იგრძნონ თავი და ეს გუშინ ოფიციალურად გაფორმდა", - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა. 

ბარბაქაძის განმარტებით, ჯერჯერობით ეს მასიური შეტევა არ არის. მასიური შეტევა იქნება მაშინ, როდესაც სახმელეთო ჯარები, ავიაძალები და ა.შ. ერთობლივად შეუტევენ, რასაც მოჰყვება რუსული სამხედრო შენაერთების ალყაში მოქცევა ან ფიზიკურად განადგურება.

მისივე თქმით, დიდი ხანია, რაც რუსეთის ჯარის უძლეველობის მითი „დასამარდა“. ამის პარალელურად ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უძლურია დასავლური, თანამედროვე ტიპის ზალპური სარაკეტო სისტემების წინააღმდეგ.

"ჩემი აზრით, დაახლოებით ნოემბერი-დეკემბრისთვის იქნება გენერალური, გადამწყვეტი შეტევა, როდესაც უკრაინელები ფაქტობრივად გაანადგურებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და მოსპობენ მათ საბრძოლო პოტენციალს“, - აღნიშნა აკია ბარბაქაძემ.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ყირიმში, რუსეთის სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა. აღნიშნული სამხედრო ბაზა საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს და ის გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებებს ასევე მოჰყვა მსხვერპლიც.

"ინტერპრესნიუსი"
Print