პოლიტიკა
საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა. 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ნაგებობა ექსპლოატაციის შემდეგ საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობას გააორმაგებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა.

„კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს. ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა. უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას,"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხიდი არა მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ხიდის მშენებლობისთვის 7 მლნ ევროზე მეტი გამოიყო.

Print