პოლიტიკა
დავით კეზერაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისკენ. ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებას, მათ შორის საქართველოს თავისუფლებას იცავენ. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ.

შესაძლოა ამან კიდევ დამატებითი მიზეზი გაუჩინა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას, თავიდან და ახალი შემართებით აწარმოონ ჩემი დისკრედიტაციის კამპანია. ეს კამპანია არ მიკვირს და სიახლეს არ წარმოადგენს.

უკვე მრავალი წელია, სახელისუფლებო მედია, რუსული პროპაგანდის სტილში, არ ერიდება ჩემ მიმართ ტყუილსა და ცილისწამებას. გულდასაწყვეტი სიახლე ისაა, რომ ამდაგვარ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ.

ჩემი გააზრებული არჩევანია, არ შევიდე ამ გაუგებარ კინკლაობაში. ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურის და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი - ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება - ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი.

დღეს ოპოზიციურ სპექტრში არეულობის შეტანა,დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა უპასუხისმგებლობაა და ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ეს გააძლიერებს ივანიშვილს, რუსულ გავლენებს და გაახანგრძლივებს სახელმწიფოს მიტაცების პროცესს"
- წერს კეზერაშვილი.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ ,,საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა", თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიების საქმიანობაში არ ერევა. თუმცა მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ უარს იტყვის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე.

,,არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემ ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის. 

რა თქმა უნდა ვაგრძელებ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას - მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა ტელეკომპანია ფორმულასა და ზოგადად კრიტიკული ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, უკან არ დავიხევთ.

ცილისწამება და თავდასხმები შედეგს ვერ გამოიღებს - ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მუდმივი პროცესია და სანამ ამ ბრძოლაში ერთი აგურის დადება შემეძლება, ამას ყოველთვის გავაკეთებ!"
- წერს კეზერაშვილი.
Print