პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, სამმხრივ ფორმატში შეიქნას მოლაპარაკებების პლატფორმა აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, სამმხრივ ფორმატში შეიქნას მოლაპარაკებების პლატფორმა აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის.

„მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა სამმხრივ ფორმატში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა ალიევმა პრაღაში გამართულ მრგვალ მაგიდაზე - „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“ - სიტყვით გამოსვლისას.

პრაღაში გამართული შეხვედრის მნიშვნელობაზე წერს რონდელის ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი. მისი შეფასებით, პრაღაში გამართული სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები შესაძლოა მართლაც ისტორიული გახდეს კავკასიისთვის.

,,გარდა იმისა, რომ მხარეებმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, შეთანხმდნენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩადგება ევროკავშირის სამოქალაქო მისია. ამით რუსეთი კარგავს მნიშვნელოვან ბერკეტს ამ ორი ქვეყნის შეხების წერტილის სახით, რასაც რუსეთი მუდმივად მანიპულაციისთვის იყენებდა იმ მიზნით, რომ ეს ორი ქვეყანა მოსკოვის ორბიტისთვის მიება. დღეს აღარავინ ეკითხება მოსკოვს ამ საკითხს, რადგან ყველა ხედავს, რომ იგი კატასტროფული სიჩქარით სუსტდება. მოკლედ, ევროკავშირი ავსებს რუსეთის მიერ გაჩენილ ვაკუუმს კავკასიაში და ეს ჩვენთვისაც კარგია" - წერს ზურაბ ბატიაშვილი.
Print