პოლიტიკა
საქართველო გმობს რუსეთის მიერ ფსევდორეფერენდუმებს - საქართველოს ელჩი გაეროში
საქართველოს ელჩმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დელეგატებს სიტყვით მიმართა. დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობას და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„უკვე 7 თვეზე მეტია ვხედავთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დამანგრეველ შედეგებს. საქართველო გმობს რუსეთის მიერ ფსევდორეფერენდუმების შემდეგ უკრაინის რეგიონებს უკანონო ანექსიის მცდელობას და იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის ტერიტორიულ წყლებზეც.

როგორც რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული ქვეყნის მუდმივმოქმედ წარმომადგენელს, ნება მომეცით ვიყო მკაფიოს - დროს მნიშვნელობა აქვს, სიტყვებს მნიშვნელობა აქვს და ქმედებას, რომელიც დღეს განვახორციელეთ, მნიშვნელობა აქვს. მას მნიშვნელობა აქვს თაობების მომავლისთვის, გაეროს მომავლისთვის და მისი შესაძლებლობებისთვის გაუმკლავდეს და გადაჭრას მსოფლიოს ყველაზე აქტუალური გამოწვევები მომდევნო თვეებსა და წლებში“
, - განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველო იმ 143 ქვეყანას შორისაა, რომელთაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია დაგმეს და რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. დოკუმენტის შინაარსი რუსეთთან ერთად არ გაიზიარა და წინააღმდეგ წავიდა კიდევ 4 ქვეყანა - ბელარუსი, ჩრდილოეთი კორეა, სირია და ნიკარაგუა.
Print