პოლიტიკა
ენმ-ში დაპირისპირება არ არის - დავით ახალკაცი
ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი კვირაა დავით ახალკაცი თავმჯდომარეობს. ყოფილი თავმჯდომარე მარიამ დალალიშვილი, ფრაქციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. ამბობს, რომ დაპირისპირების გამო ფრაქცია და პარტია ერთდროულად დატოვა და ახალციხის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. განხეთქილების მიზეზად კი დავით ახალკაცთან დაპირისპირებას ასახელებს.

მარიამ დალალიშვილის ბრალდებები მოულოდნელი აღმოჩნდა დავით ახალკაცისთვის. მეცხრე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრაქციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მარიამ დალალიშვილს ბოლო პერიოდში წყენის კვალი ეტყობოდა, თუმცა ამის შესახებ მას არც იურიდიული კომიტეტისა და არც პოლიტსაბჭოსთვის მიუმართავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციას დაახლოებით ერთი კვირაა მე ვიკავებ. კარგი იქნებოდა წყენის შესახებ არა ჟურნალისტებისგან, არამედ პირადად მისგან გაგვეგო. დავილაპარაკებთ, გავარკვევთ და საჭიროების შემთხვევაში ბრიფინგიც შეიძლება ჩავნიშნოთ“,- ამბობს დავით ახალკაცი.

2022 წელს მეორე შემთხვევაა, როცა ახალციხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია დეპუტატმა დატოვა. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ნონა ქოზაშვილმა მიიღო და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია პარტიასთან ერთად მაისში დატოვა. ქოზაშვილი ახლა საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატია. მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ პარტიულ საქმიანობაში აღარ ერევა და მშვიდად აგრძელებს საქმიანობას.

მარიამ დალალიშვილმა ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცა მიმდინარე წლის ივნისში დაიკავა და სამსონ ბალიაშვილი ჩაანაცვლა. ცვლილების მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც დეპუტატი სამსონ ბალიაშვილი მოქალაქის ცემისთვის დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43 მუხლის თანახმად კი, საკრებულოს დატოვება მოუწია.

Print