პოლიტიკა
მართლმსაჯულების რეფორმამ სასამართლოს მთავარი გამოწვევები უნდა გადაჭრას - კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმამ ის მთავარი გამოწვევები უნდა გადაჭრას, რაც სასამართლოს წინაშე დგას. ელჩმა ეს განცხადება ახალციხეში ყოფნისას მედიასთან კომენტარში გააკეთა იმ კითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დამტკიცებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად.

კელი დეგნანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, ევროკომისია შეაფასებს, თუმცა მართლმსაჯულების რეფორმა, მისი სიტყვებით, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის ნაწილი, რეკომენდაციებისა, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

„როდესაც დემოკრატიის დაცვაზე ვსაუბრობთ, თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, ამასთან დაინტერესებული მხარეები, არა მარტო იმიტომ, რომ მათ ამ სფეროს ინტერესი აქვთ, არამედ იმიტომაც, რომ მათ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები აქვთ“, - განაცხდა ამერიკის ელჩმა საქართველოში.

მისი განცხადებით, რეგიონებში ვიზიტებისას ძალიან ბევრ მოსამართლეს შეხვედრია და ისინი აკეთებენ კარგ საქმეს, არიან „თავისი საქმის ერთგული პროფესიონალები“.

„ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმამ ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები უნდა გადაჭრას, რაც სასამართლოს წინაშე დგას. მაგალითად, ზოგ სასამართლოში ძალიან ბევრი დაგროვილი საქმეა, ზოგან მოსამართლეების ნაკლებობაა და, რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების მხრივ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

გუშინ, 23 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.

დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

გადაწყვეტილება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეაფასეს, როგორც მმართველი პარტიის მცდელობა, უარი თქვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პუნქტის შესრულებაზე.
Print
თეგები: კელი დეგნანი /