პოლიტიკა
კელი დეგნანმა სამცხე-ჯავახეთში ვიზიტი დაასრულა

ამერიკის ელჩმა საქართველოში სამცხე-ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. კელი დეგნანი შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების, სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა ინსტიტუციებს სტუმრობდა.

კელი დეგნანმა მოინახულა ლუგარის სახელობის ლაბორატორია, ამერიკის კუთხე ახალციხეში. სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში შეხვდა ადგილობრივ მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.

ესტუმრა რაბინ სიმონ ლევიშვილსა და მის ოჯახს, რომელიც 27 წელია პატრონობს ევროპის ერთ-ერთ უძველეს სინაგოგას. მოინახულა სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლა, დააჯილდოვა გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების გიდები, რომლებმაც გადამზადება USAID-ის ხელშეწყობით გაიარეს.

ესტუმრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ახალქალაქის სკოლის მოსწავლეებს კი სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში დეგნანმა მოინახულა ახალციხისა და ახალქალაქის სასამართლოს წარმომადგენლები, მათ გამოცდილებასა და გამოწვევებზე ესაუბრა. ელჩი ასევე ეწვია სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივ მმართველობას.

კელი დეგნანი ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე შეეხო ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. მან თქვა, რომ ალიევის ვიზიტი ძალიან პოზიტიურია. დეგნანმა ასევე გაიხსენა საქართველოს, როგორც მედიატორის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში.
Print