პოლიტიკა
სახალხო ბიუჯეტირება - რას გულისხმობს ინიციატივა

სახალხო ბიუჯეტირებისთვის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან განისაზღვოს 3% - ინიციატივა, ახალციხეში, 29 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ წარადგინა. მარინა აბულაძის თქმით, უცხოური გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ინიციატივები მოქალაქეებს უფრო აქტიურსა და პროცესებში ჩართულს ხდის.

,,მერიამ შეიმუშავოს გეგმა, როგორ შეძლებს მოქალაქეების ჩართულობას სახალხო ბიუჯეტირების პროცესში“ - აღნიშნა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა.

მარინა აბულაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა. დავით ტაბატაძის თქმით, ახალციხეში ,,ნებისმიერი პროგრამა და მითუმეტეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადამიანზეა მორგებული“.
სახალხო ბიუჯეტირება მუნიციპალიტეტებში - პარტია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივაა. კანონპროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმის შექმნას სახალხო ბიუჯეტირების სახით.

სახალხო ბიუჯეტირება გულისხმობს მოსახლეობის თვითმმართველობის განხორციელებაში პირდაპირ და უშუალო მონაწილეობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული განსაზღვრული ოდენობის თანხის განკარგვას. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებული იქნება განსაზღვროს სახალხო ბიუჯეტირების განსახორციელებლად სპეციალური ოდენობის თანხა, რომელიც არ უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 3% -ზე ნაკლები.

Print