პოლიტიკა
ენჯეოების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, კანონს ჩვენ მოვამზადებთ - "ხალხის ძალა"

,,ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილ დეპუტატთა პარტია, "ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის მკაცრი ჩარჩოების დამდგენ კანონპროექტზე. განცხადების საფუძველი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართული დებატებია, რომელზეც საქართველოს დაფინანსების გადახედვის საკითხიც წამოიჭრა. სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ თუკი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა გაგრძელდება, შტატებმა ბიუჯეტზე მუშაობისას უნდა გადახედოს დაფინანსების საკითხს.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი ენჯეოებზე არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება. ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან ენჯეოების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის.

ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ"
- წერს "ხალხის ძალა" დღეს, 18 ნოემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.
Print