პოლიტიკა
"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაცია განვიხილეთ" - მოსკოვში ფორუმი გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობისთვის ინფორმაციით, მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებთან ერთად ფორუმი გამართეს, სადაც „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის ასპექტები განიხილეს”.

ორგანიზაციის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს "აქტუალური საკითხები", მათ შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ფორუმი სახელად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები 7 დეკემბერს გაიმართა და მისი ორგანიზატორები რუსეთიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წარმომადგენლები, საქართველოდან კი ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობისთვის იყვნენ.

სოლიდარობა მშვიდობისთვის აცხადებს, რომ "არასახარბიელო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად", რუსეთსა და საქართველოს შორის "არ შეწყვეტილა მეგობრული ურთიერთობები".

„პირველად, დიდი ხნის შემდეგ, ორი ქვეყნის საპარლამენტო წარმომადგენლობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ, რომ ღიად განეხილათ აქტუალური საკითხები, კერძოდ: სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირი ავიარეისებისა და რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა. მხარეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

არასახარბიელო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, არ შეწყვეტილა მეგობრული ურთიერთობები და კავშირები, რაზეც მოწმობს ისიც, რომ საგრძნობლადაა მომატებული ტურისტული ნაკადი, ორმხრივი ინტერესი რუსეთ-საქართველოს მოქალაქეებს შორის, აგრეთვე, ნათესაობრივი კავშირები და მზარდი ეკონომიკური ბრუნვა“
- წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მითების დეტექტორის ინფორმაციით, ა(ა)იპ სოლიდარობა მშვიდობისთვის 2021 წლის 2 თებერვალს დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელთა კრების წევრები ზურაბ ჩოხელი და მერაბ ჩიქოვანი იყვნენ, ხოლო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წევრი და ამ პარტიასთან დაკავშირებული ტვ ობიექტივის წამყვანი იყო. ჭიქაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სახელით კენჭს თბილისში, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატურაზე იყრიდა.
Print