პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არ ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს მისსავე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვით, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

„არ მოინდომა იუსტიციის სამინისტრომ, რომ მომაკვდავ მდგომარეობაში ეჩვენებინათ. ტექნიკა ჰქონდათ, პენიტენციურიდან „ლინკი“ უნდა მიეღოთ და უნდა მოსულიყო შესაბამისად სასამართლოს თანამშრომელი. არც ერთი და არც მეორე არ გამოცხადებულა და არ მოსულა, ჩვენ ახლა მივმართავთ სასამართლოსაც, პენიტენციურს, საელჩოებს, სამინისტროებს, რომ დროულად უზრუნველყონ მყარი გარანტიები, რომ სააკაშვილის ელემენტარული უფლება მიეცემა. მსგავსი რამ საქართველოს პრაქტიკაში კი არა სტალინის პირობებშიც არ მომხდარა.ყველა ადამიანს აქვს ღირსება, შელახეს მისი ღირსება და მისი კონსტიტუციური უფლება. დღეს წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ მე მას ვურჩიე და კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამისი, ამასთან დაკავშირებით ხმამაღალი საუბარიც გვქონდა, მაგრამ მან გამოაცხადა შიმშილობა", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მას ჟურნალისტებმა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებებზეც დაუსვეს კითხვა.

„ერთი გაიაროს მაგ იუსტიციის მინისტრმა. ბრეგაძეების ბჟუტურზე განცხადებას არ გავაკეთებ,“ - განაცხადა უფლებადამცველმა.
Print