პოლიტიკა
ლავროვმა განცხადება ერთი რამის გამო გააკეთა - ირაკლი ქადაგიშვილი
ლავროვი ოპოზიციას გარკვეულ მაშველ რგოლს გადაუგდებს ხოლმე, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის და "ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს".

როგორც ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ლავროვმა აღნიშნული განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ საქართველოს ევროპასთან ურთიერთობა „დაუძაბოს“ და ოპოზიციას მისცეს „დამატებითი საწვავი“, გააგრძელოს ხელისუფლების "დაუსაბუთებელი კრიტიკა".

,,ლავროვი ჩვენი ოპოზიციის მსგავსად არ არის ერთსულიანი მოთამაშე. ის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია და, როდესაც რამე განცხადებას აკეთებს, რამდენიმე შედეგზე თვლის. ვხედავთ, რომ ლავროვი ამ შედეგს, ოპოზიციის ფლანგზე აღწევს და გარკვეულ მაშველ რგოლსაც კი გადაუგდებს ხოლმე.

ეს განცხადება მხოლოდ ერთი რამის გამო გააკეთა, რომ საქართველოს დაუძაბოს ურთიერთობა ერთი მხრივ, ევროპასთან და მეორე მხრივ, ოპოზიციას მისცეს დამატებითი საწვავი, იმისათვის, რომ გააგრძელონ დაუსაბუთებელი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ.

ის, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს, ეს კარგია ლავროვმა თუ დაინახა, ამ კუთხით ლავროვის აღიარება სასარგებლოა.

ჩვენ საერთაშორისო სანქციებს შეერთებული ვართ, მაგრამ პირადად საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს. ამ დიდ ჰიბრიდულ ომში, რომელიც საქართველოს გარშემოც ტრიალებს, ხელისუფლება ვალდებული ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობა, ეკონომიკური განვითარების მუხტი შევინარჩუნოთ“
, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის იმედოვნებს, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, რა საფუძველი აქვს, ქადაგიშვილი პასუხობს, რომ საქართველოს საავიაციო მიმოსვლა რუსეთის ხელისუფლებამ შეუწყვიტა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი „არაფერი არ არის“.

„საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმი დაწესებული არ აქვს. რუსეთს აქვს დაწესებული სავიზო რეჟიმი. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი აქ არაფერი არ არის. რუსეთის ხელისუფლებამ შეუწყვიტა საქართველოს საავიაციო მიმოსვლა, აქაც საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი არაფერი არ არის. მიხეილი სააკაშვილისგან განსხვავებით საზღვარზე არ ვდგავართ და არ ვეხვეწებით - „შემობრძანდით და მობრძანდით“. მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ გააჩნია ბერკეტი იმასთან დაკავშირებით, რუსეთი გააუქმებს თუ შემოიღებს სავიზო რეჟიმს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას ნუ შევიყვანთ იქ, სადაც არანაირი სურვილი არ აქვს, რომ შევიდეს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

გარდა ამისა, ქადაგიშვილმა ისაუბრა, ყოფილი თანაგუნდელების, „ხალხის ძალის“ განცხადებაზეც, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის „პატრონები“, რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და „გარკვეული ძალები“ არიან.

ქადაგიშვილს თქმით, ეს ლოგიკური ჯაჭვი და ეჭვი მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა გააჩინეს.
Print