პოლიტიკა
ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს მისი მხარდამჭერი ბრიფინგების ჩატარებას სთხოვს - ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე და ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, 63 რაიონია საქართველოში და ნიკა მელიამ „ამ დროისთვის 2 ორგანიზაცია ჩააგდო ასეთ უხერხულ მდგომარეობაში“.

„მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ, რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას. კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა. უცნაურია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8 - ში ასეთი ბრიფინგებით, ვის აკვირვებს ან რას გვიმტკიცებს, ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან რომ რამდენიმე მხარს უჭერს, ეს არის გასაოცარი?!

ჩემო ძვირფასებო, დაჰყევით და ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას. ათ დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა და რეალურ საქმეს მივხედავთ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის“
, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ახალციხის ორგანიზაცია პარტიულ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. ენმ-ს ახალციხის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე დავით ახალკაცი 13  დეკემბერს მეცხრე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი სრული შემადგენლობით ნიკა მელიას უჭერს მხარს, რადგან 2016 წლიდან სწორედ მელიამ, მის ერთგულ მხარდამჭერებთან ერთად, „ზურგით“ მოიტანა პარტია აქამდე.
Print