პოლიტიკა
25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვხედავთ - აშშ-ს საელჩო
საქართველოში მოქმედი აშშ-ის საელჩო ფეისბუკპოსტს აქვეყნებს და წერს, რომ წელს „25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას“.

დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა რუსეთის წითელი არმია, 1921 წლის 25 თებერვალსაც, სწორედ „საკუთარი თანამემამულეების „დაცვის" მოგონილი მიზეზით“ შემოიჭრა საქართველოში და „მათი განზრახვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობა იყო“.

„ამ ქმედებით დაირღვა 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთი პირობას დებდა, პატივი ეცა საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევისთვის. ამას მოჰყვა საბჭოთა ოკუპაციის შვიდი ათწლეული, რომლის განმავლობაშიც საქართველომ დაკარგა უამრავი მოქალაქე, ვინც ტირანიის წინააღმდეგ ხმის ამოღება გაბედა“, - ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ევროატლანტიკური საზოგადოება არის ერთიანი“ და მტკიცეა გადაწყვეტილება, რომ „წინ აღვუდგეთ რუსულ აგრესიას და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.


1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ, თითქმის ორკვირიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, თბილისი აიღო, დაამხო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.
Print
თეგები: 25 თებერვალი /