პოლიტიკა
კანონპროექტის განხილვა 7 მარტისთვის გადაიდო - ოპოზიცია
ოპოზიციონერი დეპუტატების ცნობით, პარლამენტში გადაიდო ბუროს სხდომა, სადაც გადიოდა საკითხი პლენარულ სხდომაზე ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტის კანონპროექტების გატანასთან დაკავშირებით. ბიურო 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.

დეპუტატები წერენ, რომ ბიუროს სხდომა ხვალ, 10:00 საათამდე გადაიდო. ასევე, მათი ცნობით, ამ დრომდე ვერ ტარდება ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა.

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს ბრძოლა არის ხანგრძლივი! ბიუროს სხდომა - სადაც ეს რუსული კანონი უნდა როდის გავიდოდა პლენარულ სხდომაზე, ის უნდა ეთქვათ - გადაიდო! ხვალისთვის! ხვალაც ვაგრძელებთ! იგივე შემართებით! უფრო დიდი ენერგიით და იმედით! და ერთად - რაც მთავარია" - წერს ხათუნა სამნიძე.

ოპოზიციური პარტიების წევრებს შორის პარლამენტში გამართული შეხვედრა დასრულდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ გაკეთდება სია, რათა სანქციები დაუწესდეს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც რუსულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

"ოპოზიცია მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე გააკეთებს ყველაფერს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ოპოზიციამ, რომ გავაკეთოთ საერთო სია, ვგულისხმობ რუსების, რაშისტების, პუტინისტების, რომლებიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს, ეს ადამიანები, თავისი ოჯახის წევრებით, მნიშვნელოვანია იყვნენ სანქცირებულები. მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება, დელეგაციებში მონაწილეობის მიღება, მათი ოჯახის წევრებს უნდა აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
Print