პოლიტიკა
ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან მოვიდა, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკიდან მოსახლეობას მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ ის ხალხის მხარეს დგას და ამ კანონს აუცილებლად დაადებს ვეტოს. მან ასევე თქვა, რომ ეს კანონი გასაუქმებელია და არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში.

,,არავის აქვს უფლება, დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი. რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და კომისიამ კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს.

პირველივე დღიდან, ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ვარ კონსტიტუციით.

ამ კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა საქართველოს ინსტიტუტი ვალდებულია, პირველ რიგში მე, ასევე მთავრობა, ხელისუფლება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირთან, რომ ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული და დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპის გამო"
- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებსაც მიმართა - ,,თქვენს გვერდით ვარ, არავის აქვს უფლება, წაგართვათ მომავალი".

,,მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგავარ აქ, ნიუ იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც დღემდე მოვედით და მე ვარ დღეს თქვენს გვერდით, იმიტომ რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს.

ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენ შემდეგ თაობებს, ყველას, ეს მომავალი არის ის, რასაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და ამიტომ, არავის არ აქვს უფლება, წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი"
- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

Print