პოლიტიკა
"გვაქვს ინსტრუმენტები, ნებისმიერის პასუხისმგებლობის დაყენებას შევძლებთ" - ნედ პრაისი სანქციებზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აცხადებს რომ ოფიციალურ ვაშინგტონს აქვს გარკვეული ინსტრუმენტები, რომ დააყენოს ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს ხელყოფს.

ნედ პრაისს ჰკითხეს არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი/სანქცია, რომლის დაწესებაც შეუძლია აშშ-ის საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

"მე არ ვილაპარაკებ კონკრეტულ ინდივიდებზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა დავაყენოთ, რომელიც საყოველთაო ადამიანის უფლებებს ხელყოფს. გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები და ვნახავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს რაც სურს და იმსახურებს.

ბოლო საათების განმავლობაში ახლოდან ვაკვირდებოდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. თბილისიდან მომავალი ცნობები გავიგეთ, რომ დემონსტრანტებს, რომლებიც ამ ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი და ჩახშობის სხვა საშუალებები დაუპირისპირეს.

ჩვენი მესიჯი საქართველოს ხალხისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი და მსოფლიოს გარშემო ხალხებისა და ხელისუფლებებისადმი არის ის, რომ აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას - შეკრების უფლებას. რათა მათი ხმა გაგონილი იყოს, რომ თავისუფლად ილაპარაკონ, რომ ანგარიშვალდებული ჰყავდეთ მათი მთავრობები.

საქართველოში გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს, მაგრამ ჩვენი მესიჯია ის, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ეს უფლება მშვიდობიანად გამოიყენონ. ეს არის უფლება, რომელიც საქართველოს ხალხს და მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყნის ხალხებს გააჩნია"
, - განაცხადა პრაისმა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს და წყლის ჭავლის მანქანებს იყენებს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი მირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.


Print