პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიცია თავის რადიკალურ აქტივისტებთან ერთად დაკავებულია პარლამენტის შტურმით - შალვა პაპუაშვილი
დღეს რადიკალური ოპოზიცია თავის რადიკალურ აქტივისტებთან ერთად დაკავებულია პარლამენტის შტურმით და რა თქმა უნდა, ეს შავი დღეა ჩვენი ოპოზიციისთვის, რომელმაც თავი ამ დღეში ჩაიყენა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ვნებათაღელვა დამშვიდდება, ისევე როგორც სხვა დროს.

„გახსოვთ ე.წ. არჩევნების გაყალბების ისტერია, რომელიც შექმნეს ასევე ტყუილი და ყალბი ნარატივით. გაყალბებული პარალელური დათვლებით, რომელიც ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა და განცხადებებით, რომელიც ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა. მაშინდელი პროტესტიც იყო ინსპირირებული. საბოლოო ჯამში მოქალაქეები გაერკვნენ ყველაფერში. ამ შემთხვევაშიც მოქალაქეები ყველაფერში გაერკვევიან და ეს შავი დღე ოპოზიციის იმ ნაწილისა, რომელიც ამ რადიკალიზმშია ჩართული კიდევ ერთხელ დადგება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არის ტიპური სცენარი, პროპაგანდით ადამიანების შეცდომაში შეყვანის. ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ კიდევ დაუწერელ კანონს დაარქვეს რუსული კანონი, ისე რომ შინაარსი არც კი იყო ფურცელზე გადატანილი, უკვე ეძახდნენ რუსულს და ეს იყო პირდაპირ სიგნალი, რომ ეს იყო პროპაგანდისტული ხაზი, რომელსაც საბოლოო ჯამში მიჰყვა რადიკალური ოპოზიცია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო ინსტიტუტების ფინანსების გამჭვირვალობით საქართველო ნომერ პირველი ქვეყანაა.

„მოქალაქის უფლებაა იცოდეს, ვინ არიან ისინი, ვინც იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. მოქალაქეებმა იციან საჯარო ინსტიტუტები და მათი ფინანსების გამჭვირვალობით ჩვენ ნომერ პირველი ქვეყანა ვართ. მოქალაქეებმა იციან პარტიების დაფინანსება, ნებისმიერი პარტიის დაფინანსება არის ღიად ხელმისაწვდომი ყველა ხარჯი და შემოსავალი. მოქალაქეებმა იციან საჯარო მოხელეების ფინანსები, პოლიტიკური თანამდებობის პირების ფინანსები დეკლარაციების მეშვეობით და ამავე წრეში, გადაწყვეტილებების ფორმირებისა და მიღებისა ჩართულები არიან ასევე არასამათავრობო ორგანიზაციები, რომელთა ფინანსებთან დაკავშირებით არ არსებობს არავითარი სისტემა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Print