პოლიტიკა
„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

 


პარლამენტის წინ, სადაც პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერები მართავენ აქციას, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც თავდაპირველად ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე ტერიტორიას დროებით განარიდეს.

ამის შემდეგ შეკრებილებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა დაწვეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე ისმის ანტიდასავლური და შეურაცხმყოფელი შეძახილები. ისინი აპროტესტებენ რამდენიმე დღის წინ იმ აქციის მონაწილეების გამოსვლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტს.

ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2021 წლის 5 ივლისსაც ჩამოგლიჯეს და დემონსტრაციულად დაწვეს. მაშინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ დროშა ასევე დემონსტრაციულად უკან დააბრუნა და პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო.
Print