პოლიტიკა
რა სანქციას ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ ევროკავშირის დროშის შებღალვა?
ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადია და ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სპეციალური მუხლი 2021 წლის მოვლენების შემდეგ ჩაიდო, როცა „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ თანახმად, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

ამასთან, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დღესაც ჩამოხსნეს და დაწვეს.
Print