პოლიტიკა
რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქცევა მიუღებელია - პაპუაშვილი EU-ს დროშის ჩამოხსნაზე
"რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს", - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა. მანვე დაამატა, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია, "ვინც არ უნდა იყოს ის". პარლამენტის სპიკერი დროშის ჩამოხსნას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.

ჟურნალისტის კითხვას, ისიც გეგმავს თუ არა [2021 წლის 5 ივლისის შემთხვევა - რ.თ.] თავისი წინამორბედის, კახა კუჭავას მსგავსად, დემონსტრაციულად, პირადად დააბრუნოს უკან დროშა, პაპუაშვილი ასე პასუხობს: "დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილზე. რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, არ ვიცი, არასერიოზული მიდგომაა. როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დღესაც ჩამოხსნეს და დაწვეს.
Print