პოლიტიკა
"მოსკოვშიც და სხვაგანაც ეცოდინებათ, რომ მარტო ის ვიღაც გაუგებარი ხალხი არ წარმოადგენს საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას" - მორგოშია

რადიკალები ამ დრომდე დაუსჯელები არიან - პოლიციას დაკითხვაზეც კი არ დაუბარებია, იმ პრორუსული პარტიის წევრები და ლიდერები, ვინც თბილისში ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დაწვა." პირველებთან" ინტერვიუში კი "ალტ-ინფოს" პრორუსული ჯგუფის მეთაური ადასტურებს, რომ ის მოსკოვიდან რამდენიმე დღის ჩამოსულია.

კოკა მორგოშია იყო ერთ-ერთი, ვინც ევროკავშირის დროში ჩამოგდებისა და დაწვის პროცესს ხელმძღვანელობდა.

მეტიც, რადიკალების ლიდერი კმაყოფილია, რომ დროშის დაწვის კადრი რუსული საინფორმაციო გამოშვებების მთავარ თემად იქცა.

"დაკავებით არავის დააკავებენ, სავარაუდოდ, ჯარიმა იქნება რამდენიმე ათასლარიანი. ზურა (მახარაძე) იყო ის ვინც ავიდა და დროშა ჩამოხსნა. ეს მან მიტინგზეც განაცხადა. (საგამოძიებო უწყებაში) დასაბარებელი რატომაა, ჯარიმას დაუწერენ და მორჩა, მაგაზე სხვა სასჯელი არ არის. პოლიცია იქ არ იდგა და რანაირად უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა?! როცა მოვიდა, თუ წინააღმდეგობა გაუწია, აგერ არის საგამოძიებო ორგანო და დაიწყონ (გამოძიება)"
- თქვა კოკა მორგოშიამ.

რადიკალების ლიდერის თქმით, "პარლამენტთან რომ ევროკავშირის დროშა კიდია, სწორედ ეს არის დანაშაული".

მისივე მტკიცებით, რუსეთიდან დავალება არ მიუღიათ, თუმცა მორგოშია კმაყოფილია იმით, რომ ფაქტს რუსული პროპაგანდისტული მედია აქტიურად აშუქებს:

"პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა რომ კიდია, ეგ არის დანაშაული. მე და საქართველოს (მოსახლეობის) ძალიან დიდ ნაწილს ასეთი პოზიცია გვაქვს. ეგ დროშა რომ მანდ კიდია, ჩვენი სირცხვილია...

ჩვენ არავისგან არაფერ მითითებებს არ ვიღებთ, გუშინდელი ეთერები ვნახე და ყველგან არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივი. მე არ ვიცი, ისინი ზეიმობენ თუ რას შვრებიან, მაგრამ ყველა არხზე, რაც კი იქ არსებობს, პირველი ახალი ამბავი ეს იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვშიც და სხვაგანაც ეცოდინებათ, რომ მარტო ის ვიღაც გაუგებარი ხალხი არ წარმოადგენს საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. თან აქცია არც გვქონია, ჩვენი ოფისის დასაცავად შევიკრიბეთ და რუსთაველზე სპონტანურად გავიარეთ. თქვენ რისი თქმა გინდათ, რომ დაგვჭირდეს, სად მეტი ადამიანი გამოვა, გინდათ, რომ მაგას მიგვაზომოთ? დამიჯერეთ, ჩვენ თუ გამოვედით, იქ ყველა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. პირდაპირ გეუბნებით. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც და ისინიც"
- განაცხადა მორგოშიამ.
Print