პოლიტიკა
რუსულ კანონზე არახელმომწერ დეპუტატებს ,,ქართული ოცნებიდან", მანდატი შეუწყდათ
„ქართული ოცნების“ 5 დეპუტატს საპარლამენტო მანდატი ოფიციალურად შეუწყდათ. ამის შესახებ, 24 მარტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს.

საუბარია 5 დეპუტატზე, კერძოდ: გიორგი ამილახვარი, ირაკლი კოვზანაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და გიორგი ხელაშვილი.

ჩაჩიბაია, ხელაშვილი და იობაშვილი იმ დეპუტატებს შორის არიან, რომელთაც რუსული კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი კოვზანაძემ, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი მანამდეც თქვა.

ამ დროისთვის უცნობია უმრავლესობის ორი წევრის – დავით სერგეენკოსა და ელგუჯა გოცირიძის მანდატების შესახებ გადაწყვეტილება. სერგეენკოსა და გოცირიძესაც მხარი არ დაუჭერიათ რუსული კანონპროექტისთვის.

დავით სერგეენკომ ბოლოს ინტერვიუ „ტვ პირველს“ მისცა, სადაც ცალსახად არ პასუხა კითხვას, ტოვებს თუ არა პარტიას და მანდატს. სერგეენკომ განაცხადა, რომ „ოცნების“ მენეჯმენტის „შეჯერებულ პოზიციას“ ელოდება. ამასთან, აღნიშნა, რომ ეს მისთვის ბოლო მოწვევის პარლამენტია და მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავს.

„იმედის“ საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას გააგრძელებს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე.
Print