პოლიტიკა
ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი. “ტვ პირველთან” ინტერვიუში პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, თუ სად მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები და მონაწილეობს თუ არა ამ პროცესში ივანიშვილი.

,,ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღეს, მას მერე, რაც ოფიციალურად გასულია ხელისუფლებიდან. გარეთაც ისმის ეს კითხვა და მე მგონი, საზოგადოებაშიც არის ეს განცდა თუ კითხვა, სად არის მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები. მე ამაზე პირდაპირი პასუხი და მტკიცებულებები აქ მაქვს…

კითხვა როცა არსებობს, ეს თავისთავად ცუდია პოლიტიკური სისტემისთვის, რადგან პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად არის პასუხისმგებლობის ცენტრი, ვინ იქნება ხვალ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე თუ რიტორიკაზე, რომელიც ამდენად დამაზიანებელია.

უფრო რიტორიკაა დამაზიანებელი, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით”
, — დასძინა მან.

ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ ჰქონდა ივანიშვილთან კომუნიკაციის მცდელობა და ამის სურვილი დღესაც აქვს. ამას პრეზიდენტი განმარტავს სურვილით, რომ “მეტი სიცხადე შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში”.

,,ბევრი გზავნილია უცხოეთიდან, რაც ალბათ უნდა გაიგოს [ივანიშვილმა] და მოისმინოს, თუ ის არის მთავარი…” — დასძინა ზურაბიშვილმა.

წამყვანის კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

,,კი… იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა, ამ გაგებით არის. მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი, და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. [ეს] არის ამ პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭირო არის, ჩვენ გავიგოთ და ვიცოდეთ, თუ სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა და ა.შ.”.
Print