პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილეებმა დეკლარაცია ხარვეზებით შეავსეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ზურაბ ხაჩიძემ და შოთა როსტიაშვილმა დეკლარაცია ხარვეზებით შეავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

"სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების 37 მოქმედი თანამდებობის პირიდან 2022-2023 წლებში დეკლარაცია 7-მა ხარვეზებით შეავსო. მათგან ერთმა თანამდებობის პირმა კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა, თანამდებობის ოთხ პირს კი არ აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანია. 3 შემთხვევაში კი თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში
არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.

ზურაბ ხაჩიძე
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

ზურაბ ხაჩიძემ 2022 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის თანასაკუთრებაში არსებული ბინა, რომელიც თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარეობს. ასევე არ აღნიშნა, რომ მეუღლე - ნატალია ჟორდანია ფლობს სამ ბინას (93.60 კვ.მ; 87.94 კვ.მ; 95.63 კვ.მ), სარდაფს (2.9 კვ.მ.) და ორ სხვენს (62.31 კვ.მ; 29.49 კვ.მ.), საერთო ფართობით 368.97 კვ.მ. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე.

ზურაბ ხაჩიძემ დეკლარაციაში ასევე არ ასახა 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობაც.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ხაჩიძე საჯარო სამსახურის ბიურომ 2022 წელს დააჯარიმა დეკლარაციაში სხვადასხვა დარღვევების გამო - ხაჩიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა თავისი და თავისი ოჯახის წევრის: უძრავი ქონება,სამეწარმეო საქმიანობა, საბანკო ანგარიშები, სხვა გასავალი და შემოსავალი; ასევე, არ მიუთითა წლის განმავლობაში აღებული თანამდებობრივი სარგო და დადებული ხელშეკრულება; არასწორად მიუთითა საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა. საყურადღებოა, რომ ხაჩიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის შემდეგაც არ წარადგინა ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშზე ინფორმაცია.

შოთა როსტიაშვილი
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

შოთა როსტიაშვილს 2022 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი ფლობს თბილისში, მუხიანში მდებარე ბინას (132 კვ.მ.) და მცხეთაში, სოფელ წეროვანში მდებარე მიწის სამ ნაკვეთს, 13,454 კვ.მ. ჯამური ფართობით. როსტიაშვილმა დეკლარაციაში ასევე არ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, ნინო გახარია თბილისში, ქარელის ქუჩაზე მდებარე მიწას და მასზე განთავსებულ შენობას, ხოლო მცხეთაში, სოფელ წეროვანში 5,022 კვ.მ.
მიწის ნაკვეთს ფლობს.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შესაბამისი რეაგირების მიზნით" - ნათქვამია გავრცელებულ კვლევაში.
Print