პოლიტიკა
"ახალციხის საკრებულომ მკვეთრად გააუარესა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა" - კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, აღმასრულებელ ორგანოზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი, უმეტეს შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში, ახალციხის საკრებულომ მკვეთრად გააუარესა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა.

„წინამდებარე შეფასების მომზადებისას საკრებულომ არ მოგვაწოდა საკრებულოსა და კომისიების სხდომების ოქმები, აგრეთვე საჯარო ინფორმაცია ამ სხდომებზე დეპუტატების დასწრება-გაცდენის, სიტყვით გამოსვლის, ასევე, დეპუტატების მიერ მერისა და სხვა თანამდებობის პირების საკრებულოში დაბარების და მათი მხრიდან მერიაში წერილობით გაგზავნილი შეკითხვების, ან წინადადებების შესახებ. საკრებულომ დეპუტატების მიერ მოსახლეობასთან გამართული ვერცერთი შეხვედრის ოქმი ვერ წარმოგვიდგინა. ახალციხის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია. საანგარიშო პერიოდში, საკრებულომ 18 სხდომა გამართა და ყველა წარმოდგენილ საკითხს, გარდა ერთისა, რომელიც უძრავი ქონების იჯარის ფორმით გაცემის წესს ეხებოდა, მხარი დაუჭირა. ახალციხის საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან 9-მ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია არასრულად შეავსო. საკრებულოში მოქმედი სამი ფრაქციიდან ინიციატივა არცერთს არ წარუდგენია. ფრაქციების მიერ გაწეული საქმიანობისთვის ჯამში 311,586.88 ლარი დაიხარჯა. გენდერული თანასწორობის საბჭოს, საანგარიშო პერიოდში, არც სამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი განუხორციელებია, არც გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგის სისტემის შემუშავებაზე უმუშავია და არც რეკომენდაციები მოუმზადებია. საკრებულომ მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი დარბაზი შექმნა. ახალციხის საკრებულომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარდგენილი პეტიცია დააკმაყოფილა. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ჩათვლით, საკრებულოს ხარჯებმა ჯამში 1,052,686.18 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან ხელფასებში, დანამატებსა და ჯილდოებში სულ 901,802.73 ლარი გაიცა. ერთ წელში საკრებულომ 33,584 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 109,690.45 ლარი შეადგინა. აქედან 11,044 ლიტრი საწვავი (ჯამური ღირებულებით - 35,975.45 ლარი) საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ გახარჯა”, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია საკრებულოს რეკომენდაციით მიმართავს საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად ჩართონ საზედამხედველო საქმიანობაში, უფრო ხშირად გამოიყენონ ქმედითი კონტროლის მექანიზმები, გადადგან ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფო შესყიდვების პროცესის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის მიზნით.

„ამასთან, ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რათა საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად იმუშაოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე. გარდა ამისა, საკრებულომ კანონით დადგენილ ვადებში უნდა გასცეს საჯარო ინფორმაცია. ასევე, ოფიციალურ ვებგვერდზე პროაქტიულად ატვირთოს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომების ოქმები. თანამდებობის პირთა დეკლარაციები გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ.

მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, ფრაქციებმა აქტიურად უნდა შეისწავლონ და გააკონტროლონ მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარდგნენ საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები მნიშვნელოვნად ზრდიან თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერენ ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს მიერ გაწეული ხარჯები სრულ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობით მისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან; საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეკონომიაზე.

გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს დასახლების საერთო კრება წარმოადგენს. რადგანაც ახალციხის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები მხოლოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში იმართება, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომ გააქტიუროს ჩართულობის ეს მექანიზმი, მიმართოს მერს, რომ ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის უკეთ დასაგეგმად, მისი შუამდგომლობით გაიმართოს დასახლების საერთო კრება”,
- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print