პოლიტიკა
ყოფილმა "ნაციონალებმა" ფრაქცია ,,დამოუკიდებელი დეპუტატები’’ შექმნეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა ახალი ფრაქცია ,,დამოუკიდებელი დეპუტატები’’ შექმნეს.

უცვლელი რჩება ფრაქციის თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე. ცვლილება დეპუტატებმა საკრებულოს აპარატში 2023 წლის 6 სექტემბერს დაარეგისტრირეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ფრაქციის შექმნას ცნობად 26 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებს.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე კობა სანდროშვილი "მეცხრე არხთან" საუბრისას პარტიის დატოვების მიზეზებს განმარტავს და  აცხადებს, რომ გულდაწყვეტილია ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარით, სადაც ახალციხის ოფისის თანამშრომლებს უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

"თანამდებობის პირებში ცვლილება არ განხორციელებულა, ძველ პოზიციებზე ვაგრძელებთ მუშაობას. ბუნებრივია ჩვენი "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლა არ ნიშნავს არანაირ დაახლოებას "ქართულ ოცნებასთან".

გულდასაწყვეტია, როცა ლევან ხაბეიშვილი უმოქმედობაში გადანაშაულებს, როცა თავად კონტაქტზეც კი არ გამოსულა ჩვენთან.

,,დამოუკიდებელი დეპუტატების" სახელით ვაგრძელებთ მუშაობას, ფრაქციის თავმჯდომარე ისევ დავით ახალკაცი იქნება, მე და ქეთევან ბარძიმაძე კი მისი მოადგილეები. არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვაპირებთ აფილირებას და ველოდებით სასიკეთო ცვლილებებს"
- განაცხადა სანდროშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ახალციხელი წევრები ფრაქციის და პარტიის დატოვების მიზეზად შიდაპარტიულ დაპირისპირებას ასახელებენ. პროტესტი ექვსმა მათგანმა დავით ახალკაცმა, კობა სანდროშვილმა, ნატო დარბაიძემ, ქეთევან ბარძიმაძემ, იოსებ დემეტრაძემ და ბესარიონ ოქრომელიძემ გამოთქვა.

Print